22 Ιουλίου, 2009

წყალი...





მწყურია, ძლიერ მწყურია წყალი,
თითქოს ყოველი გვალვას მოუშთავს,
წყურვილი მკლავს მე და მაცოდვილებს,
მაგრამ ო, წყალი არა ჩანს არსად...

წყალი კამკამა, ნაზად ელვარე,–
შორიდან მოსჩანს და მეც შევყურებ,
მსურს დავეწაფო, მაგრამ არ ძალმიძს,
დიახ არ ძალმიძს ეს სიახლოვე.

მივრბივარ მისკენ, მაგრამ ვერ ვიძვრი,
შორიდან ვტკბები მისი სიტკბოთი;–
... და სიტკბო ესე მეტად სათუთი,
შორით მიცინის და მისაკუთრებს.

არ მინდა წყალი!– მომეცით ღვინო,
ამივსეთ ახლა ფიალა ღვინით,
მასვით ეს ღვინო, რომ ძლიერ დავთვრე,
მასვით მანამდე,– სანამდე შევძლებ.

დავლევ ღვინოსა და დავივიწყებ,
შორით ჩანჩქერთა საამო ჩხრიალს,
დავლევ ღვინოსა და ვერ შევიგრძნობ,
წყალს მშვენიერსა და ალერსიანს.

ღვინით დავთვრები, აღარ მოვკვდები,
ღვინით ვიცოცხლებ, – ნელა ვიღოღებ
და წყურვილს ჩემსას,– ამ სიყმაწვილეს,
ხომ დავივიწყებ დარდიმანდულად.

განაღა ღვინო, ამ წყურვილს ჩემსას
მოაშთობს და წყალს მე დამავიწყებს?!
ო, არა!!! მწარე ცხოვრების გზაზე,
ღვინო მეგზურად არ მახალისებს.

ისევ ჯობია, შორით ვტკბებოდე,
ვერ ვკლავდე წყურვილს და ვოცნებობდე,–
იმ დღეზე ოდეს დადგება წამი
და ჩანჩქერს ახლოს მე გავუღიმებ.

... და თუ იმედი ფუჭად ჩაივლის,
მაშინ მოვკვდები ამ აზრით, მაშინ...
...და ენას გამშრალს,–უკვე მდუმარეს,
მე შევთხოვ კიდევ სიტყვასა სათქმელს:

„ენავ თქვი კიდევ ერთი რამ სიტყვა,
რისთვის მოვსულვარ ამ ქვეყნად სხვისა,
სთქვი რაც არს გულში აწ დამარხული,
გამოავლინე და ახმაურდი!

გამოიღვიძე და ყველა ძალი
წარმართე, რომ შენ იგემო წყალი,
გამოიღვიძე და დამანახე,–
ჩანჩქრის ჩუხჩუხი და ბევრი წყალი.“

23 ოქტომბერი. 1991 წელი

Δεν υπάρχουν σχόλια: