22 Ιουλίου, 2009

წყალი...





მწყურია, ძლიერ მწყურია წყალი,
თითქოს ყოველი გვალვას მოუშთავს,
წყურვილი მკლავს მე და მაცოდვილებს,
მაგრამ ო, წყალი არა ჩანს არსად...

წყალი კამკამა, ნაზად ელვარე,–
შორიდან მოსჩანს და მეც შევყურებ,
მსურს დავეწაფო, მაგრამ არ ძალმიძს,
დიახ არ ძალმიძს ეს სიახლოვე.

მივრბივარ მისკენ, მაგრამ ვერ ვიძვრი,
შორიდან ვტკბები მისი სიტკბოთი;–
... და სიტკბო ესე მეტად სათუთი,
შორით მიცინის და მისაკუთრებს.

არ მინდა წყალი!– მომეცით ღვინო,
ამივსეთ ახლა ფიალა ღვინით,
მასვით ეს ღვინო, რომ ძლიერ დავთვრე,
მასვით მანამდე,– სანამდე შევძლებ.

დავლევ ღვინოსა და დავივიწყებ,
შორით ჩანჩქერთა საამო ჩხრიალს,
დავლევ ღვინოსა და ვერ შევიგრძნობ,
წყალს მშვენიერსა და ალერსიანს.

ღვინით დავთვრები, აღარ მოვკვდები,
ღვინით ვიცოცხლებ, – ნელა ვიღოღებ
და წყურვილს ჩემსას,– ამ სიყმაწვილეს,
ხომ დავივიწყებ დარდიმანდულად.

განაღა ღვინო, ამ წყურვილს ჩემსას
მოაშთობს და წყალს მე დამავიწყებს?!
ო, არა!!! მწარე ცხოვრების გზაზე,
ღვინო მეგზურად არ მახალისებს.

ისევ ჯობია, შორით ვტკბებოდე,
ვერ ვკლავდე წყურვილს და ვოცნებობდე,–
იმ დღეზე ოდეს დადგება წამი
და ჩანჩქერს ახლოს მე გავუღიმებ.

... და თუ იმედი ფუჭად ჩაივლის,
მაშინ მოვკვდები ამ აზრით, მაშინ...
...და ენას გამშრალს,–უკვე მდუმარეს,
მე შევთხოვ კიდევ სიტყვასა სათქმელს:

„ენავ თქვი კიდევ ერთი რამ სიტყვა,
რისთვის მოვსულვარ ამ ქვეყნად სხვისა,
სთქვი რაც არს გულში აწ დამარხული,
გამოავლინე და ახმაურდი!

გამოიღვიძე და ყველა ძალი
წარმართე, რომ შენ იგემო წყალი,
გამოიღვიძე და დამანახე,–
ჩანჩქრის ჩუხჩუხი და ბევრი წყალი.“

23 ოქტომბერი. 1991 წელი

02 Ιουλίου, 2009

დიდი ქალაქები


ადამ და ევა, – დაბადებულნი სამოთხეში, – შეჰქმნიან შვილებს და ამ სამოთხეში მათ გაამრავლებენ.
ნელ-ნელა დედამიწა ჯოჯოხეთს დაემსგავსება უფრო მეტად და მეტად, ვიდრე არის. დიდი ქალაქები,– იცით რა არის დიდი ქალაქები?
–დიდი ქალაქები უჰაერობაა, შავი გამონაბოლქვია, თუ მათში პირველად მოხვდით, დააკვირდით თქვენს ენას რა მტვერის გემო აქვს, რა ცუდი სუნია, გამონაბოლქვის, თუ დიდხანს დარჩით დიდ ქალაქში, მიეჩვევით და არც მტვერის გემოს იგრძნობთ და არც გამონაბოლქვის სუნი შეგაწუხებთ, მოგენატრება დილა, როცა მზე შენ ფანჯარაში იჭყიტებოდა, მზეს ვეღარ ხედავ უმეტეს სახლებში... ოჰ, რა ძნელია გადაადგილება დიდ ქალაქში, 10-15 წუთის სავალს ერთი საათი ანდომებ ხშირად, მაგრამ ეჩვევი ამასაც, უფრო ადრე სახლიდან გამოსვლა და უფრო გვიან სახლში მისვლა. დაუმთავრებელი გაჭედვები გზებზე, მანქანებისა... დღე ერთი და ასობით მსხვერპლი მარტო მანქანებისგან.
დიდი ქალაქის ყოველი მესამე მაინც კიბოთი დაიღუპება. სამოთხე გვქონდა სანამ ქალაქებს ავაშენებდით. არ ვიცოდით მაშინ რა კარგად ვიყავით, სუფთას ვსუნთქავდით, სუფთას ვსვამდით, სუფთას ვჭამდით.
ახლა სუფთას მხოლოდ ის სუნთქავს, ვისაც სადმე გარეუბანში აქვს სახლი.
ადამიანები ძალიან გამრავლდნენ, შორეულ სოფელში ქალაქი თვითონ შემოვიდა და სოფელი ქალაქისაგან გადაიყლაპა და სულ მიიწევს და მიიწევს, არ ჩერდება მთელი სუფთა სოფლების შთანთქმას აპირებს. ხალხო!!!!! ხალხოოოოო!!!!!! რას ელოდებით?! შეჩერდით და გააჩერეთ ქალაქი, არ გაუშვათ წინ, ნუ გააჩეხებინებ და გადააწვევინებ დარჩენილ ხეებს.
მაპატიეთ, მაპატიეთ ცოტა მკვრეხლობა გამომდის, მაპატიეთ რომ ასე გელაპარაკებით ყველას, უბრალოდ ეს დავინახე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვები. რა წინასწარმეტყველი და მაგისთანა, შეხედეთ, დააკვირდით დიდ ქალაქებს და თქვენს ტანჯვას დაინახავთ, ხოო, ასფალტზე მოსიარულეს ტალახების მოცილება არ გვჭირდება, ჰმ... კარგია მოჩვენებითი სისუფთავე მაგრამ მიწაზე ფეხშიშველა სიარული იცით რას ნიშნავს ხალხო, იცით? ფეხები დაბლიდან სავსეა წერტილებით, რომელთა მასაჟი მთელ სხეულს ენერგიას აწვდის, მთელ სხეულს აკაჟებს და აჯანმრთელებს, ზღვაზე მაინც როცა წახვალ შეეცადე ფეხშიშველა იარო, დე გეტკინოს ფეხები ქვევიდან პაწუა ქვებით, რომ გტკივა ეს იმას მიანიშნებს რომ მასაჟი აუცილებელია შენთვის, და თუ არ გააკეთე მალე გეტკინება ესა თუ ის... ამიტომ იარე ბევრი იარე ქვიშაზე მაინც... მაგრამ აქაც ხან იმდენი ხალხი შეგროვდება სანაპიროზე, რომ ადგილი არ არის გაიარო, შენ ივლი და უამრავი წყვილი თვალები დაგინახავენ, ქოლგების ქვეშ, რადგან მზეც გაგვიბრაზდა თუმე, ახლა მზის ქვეშ დიდხანს ყოფნა მაზნევარიც ყოფილა თურმე. ღამურებს ვემსგავსებით, ნელ-ნელა და აღარ გვინდა დღე, საღამოს და ღამით აზროვნება გვირჩევია, რადგან დღის ხმაურს ამის ძალა არ შეურჩენია შენთვის.
გააჩერეეეეეეთ! ქალაქი გააჩერეთ, მთლიანად ჩაგვყლაპავს. გააჩერეთ ქალაქი, თორემ ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებად ვიქცევით ყველა.
ადამიანო! – მიეცი ნება ბუნებას, კვლავ აღორძინდეს, გაუფრთხილდი მას. გაახილე თვალი, დაინახე, დაინახე შენი გზა,– ის ქალაქი ნუ გახდება! მოინდომე მისგან წასვლა და ილოცე რომ ქალაქი არ მოვიდეს შენთან და არ გადაგყლაპოს, თორემ ისევ გადაბარგება მოგიწევს, ბოლოს არც ძალა გექნება და არც შესაძლებლობა გაცლისა და დამორჩილდები ბედს. შევჩერდეთ, ხალხო, თითეულმა დავიწყოთ და შევჩერდეთ, ნუ დავუშვებთ ასეთ ზრდას ქალაქებისას...