...
მკვდარი საათი გამეფებულა ჩემს ირგვლივ,ყველგან,
სუნი სიკვდილის გულს მიწუხებს და არ მაძინებს,–
ეს სიმარტოვე და სიბნელე ყველგან ჩემს ირგვლივ,–
მე გადამექცა დიდ სატკივრად და ეს მაშინებს.
აჩრდილნი ირგვლივ შემომეხვნენ და მაფრთხილებენ,
ხანაც მუქარით მაშინებენ ჩემს საქციელზე,–
მეუბნებიან: წადი, წადი, აქ რა გაჩერებს,
წადი და ნახე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე.
ოჰ, ეს ლოდინი, ეს ლოდინი,–დაუმთავრელი,
ოჰ, ეს ტიალი და ოხერი წუთისოფელი,
ოჰ, ეს ტკივილი და ტირილი,–ცრემლი ობოლი,
ამოიწურა ყველაფერი,–გაჰქრა ნუგეში.
გული სიყვარულს შეუპყრია გამოუცნობელს,
იგი ფრთხიალებს გამუდმებით და კარგს მოელის,
მაგრამ გონება კარგს ამ ქვეყნად აღარას ელის
და ეს სხეულიც ზეზეურად ქრება და მიდის...
დავეხეტები მე უზომოდ შეშფოთებული,
ვეძებ მე ნიშანს სიხარულის, ბედნიერების,
მაგრამ ამ ნიშანს ვერ ვპოულობ, თუმც მე კვლავ ვეძებ,–
თუმც მე კვლავ ვეძებ ნუგეშსა და დარდის გამფანტველს.
ნეტავ რად გავჩნდი,თუ ასერიგად მე ვიწვალებდი,–
ანდა,თუ კიდევ ამდენ ტანჯვას გადავიტანდი,
რა მოვიტანე ამ ქვეყანად,ან რას წავიღებ,
ნეტავ ვიცოდე,–როდის მოვა ეს აღსასრული.
აჰ,რომ ახლა მე ძალა მომცა და დიდი ფრთები,–
ავფრინდებოდი და ქვეყანას გადავუფრენდი,
ლაღად მფრინავი სინამდვილეს დავინახავდი,
დავინახავდი და ვიფრენდი ანგელოზივით.
23/06/91.
Δεν υπάρχουν σχόλια:
Δημοσίευση σχολίου